სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავი 2-ის თანამშრომლებსა და პაატა სალიას შეხვდა.
ლომჯარიას განცხადებით, მედია ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ერთად ეცდება შექმნან ისეთი მექანიზმი, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გარანტია იქნება.
“მიუხედავად იმისა, რომ არხის მესაკუთრემ უარყო ის ვერსია, ის ფორმატი, რაც მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ამ არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს, მაინც განეხილათ ალტერნატივა ან რაღაცა ფორმატი, რომელიც დაიცავდა, ერთი მხრივ, ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან, ასევე არხის ხელმძღვანელობასაც ბრალდებებისგან, რომ ისინი ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში.
ვაპირებ, ამ მიმართულებით გავაგრძელო მეც მუშაობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ექსპერტებისა თუ ჟურნალისტების ჩართულობით, რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვები,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პაატა სალიას განცხადებით კი, ის მზად არის, ისაუბროს კონკრეტულ ბერკეტებსა და გარანტიებზე, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც მას არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს.
“მე ყველანაირ ბერკეტზე შემიძლია ვისაუბრო იმ რეჟიმში, რომ ეს იქნება კომპანიისთვის მაქსიმალურად ეფექტური. ამ ეტაპამდე არავის არანაირი პრობლემა არ შექმნია, დამეთანხმება არხის ყველა ჟურნალისტი. რაც შეეხება ეფექტურ საშუალებებს იმისთვის, რომ მოხდეს არხის ეფექტურად მუშაობას, ვგულისხმობ, თუნდაც დამოუკიდებლობას ჟურნალისტების ყველაფრის განხილვა შეიძლება. ბორდი იქნება ეს თუ რა იქნება განსაზღვრული არ არის” – განაცხადა პაატა სალიამ.