ომბუდსმენის განცხადებით, შსს-მ ლგბტ თემს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

შსს-ში  სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის  ნინო ლომჯარიას განცხადებით, შსს-ს პოზიციაა, რომ თბილისი პრაიდი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ უნდა ჩატარდეს, თუმცა ორგანიზატორები საბოლოოს გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ კონსულტაციების შემდეგ.

„მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში.

შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემასა და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.