{{ARTICLEIMAGE}}
“არც ვიცით, ამ აბსურდულ ბრალდებებს რა პასუხი შეიძლება გაეცეს”, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ხათუნა იოსავა, ოპერისა და ბალეტის თეატრის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. კომენტარი ნინო ანანიაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის მოთხოვნას მოჰყვა.
იოსავას თქმით, აბსურდია ლაპარაკი თეატრში შექმნილ კრიზისსა და პოლიტიკური ნიშნით დასის წევრების შევიწროებაზე: “თავადაც ამბობს დავით ოქიტაშვილი, რომ არ აქვთ არანაირი ფაქტები დასის წევრების პოლიტიკური ნიშნით შევიწროების შესახებ. თეატრში არანაირი პოლიტიკური საკითხები არ განიხილება და არანაირი კავშირი არ გვაქვს პოლიტიკასთან. დასი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში”.
ხათუნა იოსავა ამბობს, რომ ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული ქმრის შეხედულებების გამო ცოლს მოეთხოვოს პასუხი: “ჯერჯერობით დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არ შეიძლება, რომ ქმრის საქმიანობის გამო პასუხს ცოლს სთხოვდნენ. ნინო ანანიაშვილს არანაირი შეხება არ აქვს მეუღლის საქმიანობასთან. ის მუშაობს დასთან და ამდენი წელია თავის საქმეს აკეთებს ძალიან წარმატებულად. საბალეტო დასი ასეთი წარმატებული არასდროს ყოფილა”.
ხათუნა იოსავა ამბობს, რომ თუკი დათო ოქიტაშვილი წარუდგენს მათ კონკრეტულ ფაქტებს პოლიტიკური ნიშნით შევიწროების შესახებ, შესაბამისად იმოქმედებენ.
კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს. მისი თქმით, ნინო ანანიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელის პოსტი უნდა დატოვოს, რადგან არ შეიძლება საბალეტო დასს ხელმძღვანელობდეს იმ ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაამხოს ხელისუფლება და მთავრობასა და პოლიციას უწოდებს კრიმინალებს.
დათო ოქიტაშვილის თქმით, მას არ აქვს კონკრეტული ფაქტები ოპერისა და ბალეტის თეატრში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების შევიწროების შესახებ, თუმცა, ამბობს, რომ 24 დეკემბერს ის შეხვდება თეატრის პროფკავშირის ხელმძღვანელს და თუკი შეხვედრისას გამოიკვეთა მსგავსი პრობლემა, დაიგეგმება შეხვედრა ნინო ანანიაშვილთან. ხოლო იმ შემთვევაში, თუ მასთან დიალოგი არ გამოიღებს შედეგს, პროფკავშირების ორგანიზებით დაიწყება აქციები ნინო ანანიაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით.