ოპოზიცია ერთიანდება და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 25 ოპოზიციური პარტია საქრთველოს კონსტიტუციაში ცვლილებას და 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს. მათი თქმით, არსებული მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა და აუცილებელია, არჩევნები პროპორციული სისტემით უკვე 2020 წლიდან ჩატარდეს. ოპოზიცია ამ მოთხოვნით განცხადებას და კანონპროექტს პარლამენტში რამდენიმე დღეში შეიტანს, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. იმისთვის, რომ პარლამენტმა ოპოზიციის ინიციატივა განიხილოს, 200 000 ხელმოწერა უნდა მოგროვდეს, თუმცა ოპოზიციური პარტიები მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ. “25 პარტია შეიკრიბა ერთი იდეით, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა გავხადოთ რაც შეიძლება უფრო დემოკრატიული, რის გარეშეც არც დემოკრატიის, არც ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბედი კარგს არაფერს გვიქადის. როდესაც საქართველოს მოქალაქეს ვესაუბრებით, მას პირდაპირ უნდა ვუმეოროთ ამ კამპანიის განმავლობაში, რომ მისი ჯანდაცვის, შვილების განათლების, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის საკითხები პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენი საარჩევნო გარემო გახდეს უფრო დემოკრატიული და გადავიდეთ 100%-იან პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ მას უნდა ვუთხრათ, რომ პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის გამეორებას. ის იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს უფრო დაჩქარებული ტემპებით მივაღწიოთ”,განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.