ოპოზიციამ ,,ოცნებას” მანდატების 130-20-ზე ან 135-15-ზე განაწილება შეიძლება შესთავაზოს. ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია აქტიურად განიხილავს მანდატების განაწილების კომპრომისულ კონფიგურაციას.
,,ჩვენ რა თქმა უნდა, ვამზადებთ კომპრომისულ წინადადებებს, ერთ-ერთი იყო „გერმანული მოდელი“ და ის კვლავ რჩება. შევთავაზებთ სხვა ვარიანტებსაც, ოღონდ ამ პრინციპის გათვალისწინებით, რომ ახლოს მაინც უნდა იყოს პოლიტიკური ძალა იმ მანდატთან, რომელიც ქვეყნის მართვის უფლებას იძლევა, ეს შეიძლება იყოს 45-50% თან ახლოს მყოფი მხარდაჭერა. ამიტომ 130-20- ზე თუ 135-15-ზე სისტემა ან მსგავსი კონფიგურაციები არის აქტიურ განხილვის ფაზაში ოპოზიციაში და დანარჩენს საზოგადოება გაიგებს შეხვედრის მერე”,- ამბობს ოთარ კახიძე.
,,ევროპული საქართველოს” ლიდერი აღნიშნავს, რომ მიუღებელია სისტემა, რომლითაც 10-დან 7 ადამიანი მხარს არ უჭერს პოლიტიკურ ძალას და ის მართავს ქვეყანას.
„ოპოზიცია გაერთიანებული ვართ ფუძემდებლური პრინციპის გარშემო, ეს არის პროპორციული წარმომადგენლობა, ანუ რა მხარდაჭერაც ექნება პოლიტიკურ ძალას, იმის შესაბამისი რაოდენობა უნდა ჰყავდეს დეპუტატების პარლამენტში. მმართველი გუნდი გვთავაზობს ისეთ წინადადებას, რომელიც შესაძლებელს ხდის მესამედზე ნაკლები მხარდაჭერით მოიპოვოს უმრავლესობა პარტიამ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, 10 – დან 7 ადამიანი როცა მხარს არ უჭერს პოლიტიკურ ძალას, მან მართოს ქვეყანა, რაც არის მიუღებელი”,- აცხადებს ოთარ კახიძე.
მმართველი გუნდი ოპოზიციას 100/50-ზე სისტემას სთავაზობს, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელია. ისინი ამ თემაზე შეხედრის მეხუთე რაუნდზე იმსჯელებენ.
მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძის თქმით, თუ მმართველი ძალა ოპოზიციას 100/50-ის იქით მოლაპარაკებებში შეყვება, მაჟორიტარები კვლავ ,,მუხრუჭს” გამოიყენებენ.