,,ოპოზიციამ ოდირისგან მიიღო პასუხი, რომ გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის დადგენა მათი პრეროგატივა არ არის”,- ასე ეხმიანება ირაკლი კობახიძე ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ოპოზიციამ გუშინ მიიღო.
ქართული ოცნების წევრის თქმით, ამ დასკვნით ოპოზიციის არაკომპეტენტურობა დასტურდება, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციურია.
კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველი იმით, რომ კანონპროექტი ეუთო/ოდირში გააგზავნინა.
,,ანუ გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი, ისეთი ფორმით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო, ამაზე როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა ოდირმა ოპოზიციას. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან, ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ამაშიც არიან უნიათოები”,- ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ დასკვნის მიხედვით, საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს.
გუშინ, ოპოზიციამ ეუთო/ოდირის დასკვნა მიიღო იმასთან დააკავშირებით, შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას ე.წ. გერმანული მოდელი. ოპოზიციის განმარტებით, ოდირის დასკვნით ირკვევა, რომ ე.წ გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და კონსტიტუციას. ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ მოდელზე გადასვლას სჭირდება ორგანული კანონის ცვლილება და უბრალო უმრავლესობა, შესაბამისად, კონსტიტუციის ცვლილება რომ ჭირდებოდეს, ამას აუცილებლად მიუთითებდნენ.
დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება ,,უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს”.
,,საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ რეფორმირების პოზიტიური და უარყოფითი შედეგები”, — წერია დოკუმენტში.
ე.წ. გერმანული მოდელი ოპოზიციამ მას შემდეგ შესთავაზა ხელისუფლებას, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.