ოპოზიციას აინტერესებს დაძაბულობა და არჩევნების მეორე დღე- ირაკლი სესიაშვილი

,,ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აინტერესებს არა არჩევნები და მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია, დაძაბულობა და არჩევნების მეორე დღე.

,,ჩვენი აზრით, სწორი, კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ საზოგადოებას, პირველ რიგში, იმიტომ რომ ოპოზიციურ ჯგუფს ვერ ექნება მონოპოლია პოლიტიკურ პროცესებზე. შევთავაზეთ და ველით პასუხს. მე პირადად მეჩვენება, რომ იმ ჯგუფს, რომელიც ოპოზიციის სახელით ლაპარაკობს, აინტერესებს არა არჩევნები, არა მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია, დაძაბულობა, უფრო მეტად არჩევნების მეორე დღე და ეს მეტანკლებად გამოჩნდა მათ განცხადებებში. მაგრამ ჩვენი მხრიდან შეთავაზება რჩება და მივესალმებით, თუკი ოპოზიცია გადმოვა კონსტრუქციულ ფორმატში”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი.

ცნობისთვის, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც გიგი უგულავა დააპატიმრეს. რამდენიმე დღის წინ ,,ქართულმა ოცნებამ” ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო ცალკეულ პარტიებთან, თუმცა ამას ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.