ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი განსხვავებები არსებობს- კინზინგერი

აშშ-ის კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ, ,,ტვიტერზე” დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ,,პროდუქტიული შეხვედრა” ჰქონდა.

,,ვაფასებ თავმდჯომარე თალაკვაძის ძალისხმევას, ჩამოსულიყო აქ და განგვეხილა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა და ასევე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას,”- წერს კინზინგერი.

მისი თქმით, თალაკვაძის შემდეგ საქართველოს ოპოზიციურ პარტიებსაც ესაუბრა, რომელებიც პოლიტიკური კრიზისის მხარეს წარმოადგენენ, რითიც ნათელი გახდა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი განსხვავებები არსებობს.

,,მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის არსებობს გადაუჭრელი განსხვავებები. დემოკრატია იოლი არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან”,- ამბობს კონგრესმენი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველა ჩართული მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა მიაღწიონ იმ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, რომლისკენაც იღწვიან. ,,როგორც საქართველოს თანამეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე აშშ-საქართველოს ურთიერთობის მტკიცე მხარდამჭერად ვრჩები”,- წერს სოციალურ ქსელში ადამ კინზინგერი.