,,ქართული ოცნების” ლიდერის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციური ჯგუფები წინასაარჩევნო კამპანიას უცხოეთში-სტრასბურგში და ვაშინგტონში ატარებენ და ცდილობენ, პარტნიორები შეცდომაში შეიყვანონ.
,,ჩვენ ყველა ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, რომ ის ოპოზიციური ჯგუფები, რომლებსაც არ გააჩნიათ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, თითქმის არ აქვთ რეიტინგი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ. იქნება ეს სტრასბურგი თუ ვაშინგტონი. ისინი ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორები და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ”, – აცხადებს ოხანაშვილი.
მან კომენტარი ლობისტური ჯგუფების დაქირავებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მათ სახელმწიფო ინტერესებისთვის ქირაობს, ნაციონალური მოძრაობა კი პარტიული ინტერესებისთვის.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკის მიუხედავად, საფრთხე არ ემუქრება ვიზალიბერალიზაციას და ევროკავშირში ვაჭრობას.
„ეს არის ჩვენი შეუქცევადი კურსი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამ ყველაფრის დასტურია ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ის მონაპოვარი, რომელიც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირში, ვაჭრობის საკითხების გაუმჯობესებას ევროკავშირთან, აშშ-სთან, ეს საკითხები არის და იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს მიმართულებები, შესაბამისად, არანაირი კითხვის ნიშნები არ შეიძლება გაჩნდეს, არ არსებობს ობიექტური საფუძველი კითხვის ნიშნების დასმის”,- ამბობს ანრი ოხანაშვილი.