“ორ კორპუსს შორის კორპუსის ჩაშენება შეიძლება?”- ნუცუბიძეზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ნუცუბიძის ქუჩის 22 ნომერში დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს  ხოლო მოსახლეობის ნაწილი კი პირიქით მშენებლობის გაგრძელების მომხრეა. აქციაზე “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მივიდა, რასაც აქციის მონაწილეების ნაწილთან დაპირისპირება მოჰყვა.

„შენ, ალეკო, მომისმინე, სინდისზე ხელი ძალიან აიღე, ეს არ გეკადრება. ახალგაზრდა კაცი ხარ, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, ასე ნუ გაცამტვერდი,“ – მიმართა ალეკო ელისაშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„შუაგულ საბურთალოზე ორ კორპუსს შორის 20 მეტრია დაშორება და ამ დაშორებაში, ანუ ორ კორპუსს შორის კიდევ აშენებენ უშველებელ კორპუსს. დეველოპერიც და მერიაც აქ გზავნის რამდენიმე დაინტერესებულ ადამიანს, რომ აურიოს და დააპირისპიროს ხალხი ერთმანეთთან და მერია ვითომ არაფერ შუაშია. მოვიდეს კალაძე და მაგის მოადგილე, კაბინეტებში რომ იბარებენ ხალხს,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.