“ორ ქვეყანას შორის უნდა არსებობდეს საზღვარი” – პრეზიდენტის პრესპიკერი გარეჯზე

დავით გარეჯში არსებულ ვითარებას, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ეხმაურება. ხმისი  განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები საზღვრის დემარკაცია დელიმიტაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეს შორის განახლდა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა მოჰყვა, პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართით პოლიტიკური მიზეზებით არის განპირობებული.

“საზღვარი უნდა არსებობდეს ორ ქვეყანას შორის. პატრიარქმა გააკეთა გუშინ განცხადება, ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებაა, მათ შორის სასულიერო პირების განცხადებებს შორის. ასევე ოპოზიციურ ლიდერებს შორისაც კეთდება განცხადებები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ამბობენ რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესი. შესაბამისად როცა სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ აქედან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ეს აქტივობებიც, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, მაგრამ მეორეს მხრივ ცალსახაა რომ ორ ქვეყანას შორის იყოს საზღვარი,”-განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

20 აპრილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტიდან მალევე, აზერბაიჯანულმა მხარემ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა.