„ჩვენ უნდა წავიდეთ მშვიდობიანად, მაგრამ მაქსიმალურად რადიკალურ ფორმებზე ბრძოლისა,“ – ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის ხელისუფლების ჩამოსაცილებლად დასახულ გეგმაზე „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
ნათელაშვილის თქმით, თუ საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვლება, მაშინ მასობრივი გამოსვლები შემოდგომიდან უნდა დაიწყოს. ხოლო თუ აღნიშნული პროტესტიც არ გაამართლებს, მაშინ ვენესუელას მოდელი უნდა განხორციელდეს.
„უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელი ფრონტიც აიძულებს მთავრობას, შეცვალოს საარჩევნო კანონი, გააუქმოს კრიმინალური მაჟორიტარული სისტემა, ეს ჩვენი ბიუჯეტით გასიებული ღორის მსგავსი არსებები, რომ სხედან პარლამენტში, ღორთან ბოდიში, და ჩვენი შვილების წილს ჭამენ, ეს გააუქმოს. ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც კრიმინალიტეტის ბუდე დაითხოვოს და გააუქმოს და არჩევნები გამოაცხადოს სავალდებულოდ, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი ქვეყნის წინაშე,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება და თბილისი პრაიდის გამართვას აფასებს.
„იმას კი არ ებრძვიან, ვინც მიიღო ეს კანონი, ბოროტების სასახლეში რომ ზის, ბოროტება ორფეხა, იმას კი არ ებრძვიან, ებრძვიან იმათ, ვინც ამ კანონით მიიღო უფლება, მიტინგი ჩაატაროს, თავზე დაგვაჯდეს და რაც უნდა ის გვიქნას, ეს გააკეთა ივანიშვილმა… ორივე დაჯგუფება სექსუმცირესობების და მათთან მებრძოლი რაინდების, იმართება მოსკოვიდან,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.