20 ივნისის აქციაზე დაკავებულ ვატო გელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა და 8 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა. პროცესზე დაცვის მხარემ 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გირაოს ოდენობა 8 000 ლარით განსაზღვრა. სასამართლომ ბრალდებულს შინაპატიმრობა შეუფარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლიდან გასვლის დროს მან საგამოძიებო უწყებება საქმის კურსში უნდა ჩააყენოს.
„სასიამოვნოდ დავრჩით გაკვირვებული, იმიტომ, რომ დღევანდელ სიტუაციაში ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. მოსამართლემ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებას არ ჰქონდა არცერთი არგუმენტი პატიმრობის გამოყენების და დააკმაყოფილა ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეეფარდოს გირაო,“- განაცხადა ადვოკატმა.
თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ის პოლიტპატიმარია და მისი დაკავება მის საქმიანობას უკავშირდება. გელაშვილი ორგანიზაცია „ შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელია, რომელმაც კორუფციულ გარიგებებში ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ამხილა.
ორგანიზაცია “ შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.