რეალურად ორი რამ აღმოჩნდა სიმართლე. ერთი სიმართლე ის, რომ თურმე ნიკა მელია გუშინ არავის დაუპატიმრებია და ეს იყო სპეკულაციური, ბინძური ტყუილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს და სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელია, – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
„სიმართლე არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და სიმართლე არის კიდევ ერთი, რომ გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოატყუა ქართული საზოგადოება და ძალიან სპეკულაციური, ბინძური მესიჯი გაუშვა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია. ხომ აღმოჩნდა დღეს რომ ეს ტყუილი იყო?! ანუ რასაც ვიმეორებდით, ის არის მართალი. საქართველოს პარლამენტმა გასცა თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობასთან დაკავშირებით მიემართა პროკურატურას სასამართლოსათვის. სასამართლომ გადაწყვიტა ასე – გირაო მკაცრი პირობებით, ე.წ. ამ შემთხვევაში შინაპატიმრობა, ეს აღკვეთის ღონისძიება არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მაგრამ გირაო მკაცრი პირობებით პრაქტიკულად ამას ნიშნავს“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.