“ორივეს დაგამხობთ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით” – ინაშვილი ოცნებას და ოპოზიციას

ხედავთ რა დონეზე მივედით? სანამდე მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ უკვე ბოკერიები ამხელენ „ქართულ ოცნებას“ გამოდიან და სანდრო გირგვლიანს იცავენ – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.
ინაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას მიმართა, დაასრულოს არსებული ხელისუფლების მმართველობა. ინაშვილის თქმით, მმართველ გუნდთან ერთად ხალხი ოპოზიციასაც “დაამთავრებს”.
“2020 წლისთვის აი ეს ორივე უნდა დავამთავროთ ჩვენ, “ქართული ოცნებაც” უნდა დავამთავროთ და “ნაციონალური მოძრაობის “ეს ორივე ჯგუფი,”-ამბობს ინაშვილი.
ინაშვილმა დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დავით გარეჯის პრობლემა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ უფლება ამ საკითხში გარეშე ძალის ჩართულობასა და ინტერესებზე ისაუბროს.
„ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავით გარეჯზე და რაღაც ძალების მონაწილეობაზე დავით გარეჯში ქართული მიწების 22% მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიჰყიდა. ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე. ასე დადუმებული რომ სხედხართ “ქართული ოცნების” დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე რაც ხდება. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არ გაქვთ, რომ გაექაჩოთ და გაიყვანოთ დარბაზიდან და პირში უთხრათ სათქმელი,“-ამბობს ინაშვილი.
ინაშვილის დავით გარეჯის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებასაც ითხოვს. მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ გარეჯი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საქართველოს ტერიტორიაა.
ინაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვან საქართველოს ინტერესები, თუმცა ამბობს, რომ ეს მმართველ გუნდს არ შეუძლია.
„უზნეო ქვეყანა ააშენეთ თქვენ. რა პარლამენტია ეს, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში, ორივეს დაგამხობთ თქვენ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით კიდევ,“-მიმართა ინაშვილმა დეპუტატებს და სხდომათა დარბაზი დატოვა.