“ორჯერ დაფიქრდით სანამ მანდ ძალას გამოიყენებთ”- სააკაშვილი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე

პანკისში მიმდინარე მოვლენებს  მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და  ხელისუფლებას მოუწოდებს არ გამოიყენოს ხეობის მოსახლეობის მიმართ ძალა. სააკაშვილი აცხადებს, რომ პანკისელების მოთხოვნას მხარს უჭერს და ხეობაში ჰესი არ უნდა აშენდეს. ის ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე.

„მათი მოთხოვნა, რომ ჰესი იქ სადაც შენდება არ აშენდეს, არის მთლიანად სამართლიანი, იმიტომ რომ ეს ჰესი უქმნის სასიკვდილო საფრთხეს მათ არსებულ საცხოვრებელ გარემოს, მათ ეკონომიკურ პერსპექტივებს და მე მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, ორჯერ დაფიქრდით მანამ სანამ მანდ გამოიყენებდეთ ძალას, გააგზავნიდეთ სპეცრაზმს, რომელსაც მისცემთ ინსტრუქციას, რომ გადაუარონ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მე მესმის რატომ აშენებთ თქვენ ამ ჰესებს, იმიტომ, რომ ივანიშვილის პირადი ინტერესებია, კალაძის პირადი ინტერესებია. მაგრამ ეს არ არის საქართველოს ინტერესი. ბევრ სხვა ადგილზე საქართველოში, ასევე ჰესის აშენება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოს მთავარი შემოსავალი არის ტურიზმი და ამ ტურიზმით ირჩენს ხალხი თავს. ეს ტურიზმი შეიქმნა ბოლო წლებში და ახლა ამასაც ექმნება დიდი საფრთხე. მე მინდა ვუთხრა ჩემს პანკისელ დებს და ძმებს, გთხოვთ გამოიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება როგორც ყოველთვის და ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობა. ახლა აუცილებელია დიალოგი. საქართველოს ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს ახლა მაინც გამოიჩინეთ რაღაც საღი აზრი და დასხედით დიალოგის მაგიდასთან საკუთარ მოსახლეობასთან და მათ ლიდერებთან. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მალხაზ მაჩალიკაშვილი იმიტომ, რომ ასეთი მეთოდებით თქვენ ხალხს ვერ გააჩერებთ. ეს არის ძალიან სათუთად მოსაპყრობი თემა და ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედიხართ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ინტერესებია აქ გადაჯაჭვული და ეს პრობლემას უქმნის ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ახლა ალტერნატივა არ აქვს დიალოგს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.