მსოფლიო ბანი და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩემო მეგობრებო, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვხედავ რომ მაინც ბევრმა გაიგო. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მაპატიეთ, რომ ყველას ვერ გპასუხობთ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჯერჯერობით კლინიკაში ვრჩები და გავდივარ სარეაბილიტაციო კურსს. ქირურგიული ჩარევა დამჭირდა ფეხზე და როგორც აქ ამბობენ, სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება. რაღაც პერიოდი ყავარჯნების ხმარება მომიწევს, მაგრამ ეს არ მაშინებს და არც ხელს შემიშლის, რომ საქართველოში ჩამოვიდე და 28 დეკემბერს დავესწრო ფონდ „იავნანას“ კონცერტს. ჩვენი პატარა ვუნდერკინდის, ცოტნე ზედგინიძის გამოსვლას კონსერვატორიის დიდ სცენაზე, როგორც უკვე დავწერე, არ შემიძლია გამოვტოვო და ამიტომ დღეს ექიმისგან მივიღე ნებართვა და 28-ში შევხვდებით. ყველას დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის“ – წერს ბურჭულაძე.