{{ARTICLEIMAGE}}
ქართველმა ბანმა და ქართული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმღერა. კონცერტი 15 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში, ფილარმონიაში დირიჟორ იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა. ბურჭულაძემ კონცერტზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისიდან” არია “ღვინოვ კახურო” შეასრულა. პაატა ბურჭულაძის თანამოაზრეები ოპოზიციური გაერთიანებიდან ამბობენ, რომ მომხდარი მათთვის არასასიამოვნო ფაქტია. პაატა დავითაიას თქმით, შესაძლოა, თავად ბურჭულაძემ არ იცოდა, რომ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა, თუმცა ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია მომხდარი ფაქტი. თავის მხრივ, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კონცერტის ამსახველი კადრები არ უნახავს.
“ძალიან სამწუხაროა, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი”,აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პაატა ბურჭულაძე დღეს ასევე გააკრიტიკეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გია ვოლსკი ამბობს, რომ ბურჭულაძის პოზიცია არასდროს შეცვლილა, რადგან ის ყოველთვის იყო რუსული ნომენკლატურა. ვოლსკის თქმით, ეს ფაქტი განსაკუთრებით მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ბურჭულაძე მოღვაწეობს როგორც ხელოვნების სფეროში, ასევე, ქართულ პოლიტიკაში:”კულტურაში, რასაკვირველია, ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ შეუთავსებადია პოლიტიკურ ამბიციებთან, რომელიც მას აქვს.”პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, ხელოვანი თავისუფალია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხელოვნებასაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება,პოლიტიკოსზე კი საუბარიც არ არის, ეს მიუღებელია.