პაატა სალია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” მისვლას დღესვე აპირებს. ამის შესახებ ტელეკომპანიის ახლადდანიშნულმა დირექტორმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ განაცხადა.
“სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე. ეს აქტი დარეგისტრირებულია ოფიციალურად.
ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობაც. ამის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მე დღესვე დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად ვგეგმავ, ცივილურ რეჟიმში დავიწყო ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გაცნობა და პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი.
როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება.
მე დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას და ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება”-წერს სალია.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ტელეკომპანიის წილების გადმოფორმებისთვის მიმართა, რაც რეესტრმა მალევე დაუკმაყოფილა. ხალვაშმა ნიკა გვარამია დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად პაატა სალია დანიშნა.