პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობაში ბრალდებული პირების საჯაროდ ჩამოხრჩობას.
რეზოლუციას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებისა და აქტივისტების მხრიდან.
„ის ვინც ბავშვებზე იძალადებს, არ იმსახურებს თანაგრძნობას, ისინი ქალაქების ცენტრში უნდა იქნენ ჩამოხრჩობილი“, განაცხადა საპარლამენტო მინისტრმა, ალი მუჰამად ხანმა 7 თებერვალს, როცა რეზოლუცია ეროვნულ ასამბლეას წარუდგინეს.
,,რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, კანონმდებელთა ნახევარმა მხარი დაუჭრა დოკუმენტს, რომელსაც მმართველი პარტია, თეჰრიქ-ე-ინსააფი მიემხრო. პაკისტანის სახალხო პარტიამ მხარდაჭერაზე უარი თქვა და ეს იმით ახსნა, რომ სასჯელის გამკაცრება არ შეამცირებს ბავშვებზე ძალადობას.
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Amnesty International”-ის განცხადებით, სიკვდილით დასჯა არ არის პასუხი ბავშვებზე ძალადობასა და მათ მკვლელობაზე, რეზოლუციას კი არაკეთილსინდისიერი სიბოროტე უწოდა, რომლის ადგილი არ არის ადამიანის უფლებების პატივისცემელ საზოგადოებაში.
ორგანიზაციის თქმით, ჩამოხრჩობა არ იძლევა სამართლიანობას. ,Amnesty International”-ი პაკისტანის ხელისუფლებას მოუწოდებს, ფოკუსირდეს ბავშვების დაცვაზე ძლიერი პოლიციის დახმარებით მანამ, სანამ ძალადობა მოხდება.
არასამთარობო ორგანიზაცია საჰილის ცნობით, პაკისტანში 2018 წლის განმავლობაში დაფიქსირდა ბავშვთა ძალადობის 3,832 შემთხვევა.