“პანდემიის საფრთხე რეალურია” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე დაინფიცირებული ქვეყნების ზრდასთან ერთად, სულ უფრო რეალური ხდება. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა, როდესაც ახალი კორონავირუსი ასეთი რაოდენობის ქვეყნებშია გავრცელებული, პანდემიის საფრთხე გაცილებით რეალური ხდება. თუმცა, ეს იქნება პირველი პანდემია ისტორიაში, რომლის კონტროლირებაც შეიძლება“ , – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მანამდე, ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი კრონავირუსით 104 ქვეყნაში 109 343 ადამიანია დაინფიცირებული.

მისივე თქმით, თითქმის 110,000 შემთხვევიდან 93% ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება.

„ჩვენ გვამხნევებს ის, რომ იტალია აგრესიულ ზომებს მიმართავს ეპიდემიის შესაკავებლად და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ ზომების ეფექტურობა დადასტურდება“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 110,034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62,271 პაციენტი. ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.