პანკისის ხეობის მაცხოვრებლები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ მუქარას, მუქარითვე პასუხობენ.
ადგილობრივების თქმით, თუ პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვლენ ქუჩაში, ამჯერად საკუთარი თანასოფლელების დასაცავად.
პანკისის ხეობის მკვიდრი, ლეილა აჭიშვილის განცხადებით, ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანა და ძალის გამოყენება შესაძლოა, იყოს პროვოკაცია, რომელიც ვითარების დაძაბვას ემსახურება.
„გუშინ, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეს იყო დიდი შეცდომა. თავის ხალხს არ უნდა ელაპარაკოს ტყვიების და გაზის ენით, იმიტომ, რომ რა დავაშავეთ ჩვენ, რატომ გახდა საჭირო სპეცრაზმის შემოყვანა. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ნაკლებად აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებას ხალხთან. გარკვეულ ჯგუფებთან შეხვედრა ვერ მოიტანს ვერაფერ სარგებელს, შეხვედროდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ჰქონოდათ ჩვენთან კომუნიკაცია, იქნებ გაგვეგო რას გვეუბნებიან და იქნებ წამოვსულიყავით იმ პირობებზე ნაწილობრივ მაინც, მომხდარიყო კომუნიკაცია ჩვენს შორის და დადებითად გადაწყვეტილიყო, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ეს იყო ბრძოლის ველი, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რაც არავინ ინტერესში არ შედიოდა,“ – ამბობს აჭიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.
ამ დროისთვის, პანკისის ხეობაში მცირე შემადგენლობით კვლავაც რჩებიან საპოლიციო ძალები.