პანკისის ხეობაში ვითარება დაიძაბა. მობილიზებულია პოლიციის ძალები

დღეს დილიდან  პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები იმყოფებიან. ადგილობრივებმა მათ ქვები დაუშინეს.

პანკისელების თქით, ხელისუფლებამ ისინი მოატყუა, როცა ხეობაში ჩავიდა და დაჰპირდა, რომ ჰესების საკითხზე სხვადსხვა სამინისტროებთან თბილისში მოლაპარაკებები გაიმართებოდა. როგორც ისინი აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.

პანკისის ხეობაში საპოლიციო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

ხეობაში მიმდინარე მოვლენებს და დაძაბულობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიცია სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს კანონის ფარგლებში აღკვეთს.

“ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი,”-აღნიშნულია განცხადებაში.