პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ

{{ARTICLEIMAGE}}
ოჯახი სუს-ს სასამართლოში უჩივის და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას და დანაშაულის აღიარებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ გომელაურის უწყებამ ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტად გამოაცხადა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს 19 წლის თემირლანის დედამ მიმართა და 26 დეკემბერს, მის სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენა.

ბრალდებებს არ იზიარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყების იურისტების განმარტებით, სუს-ში გამართული ბრიფინგების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფცია არცერთხელ დარღვეულა და თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებაზე მტკიცებით ფორმაში არც განცხადება გაუვრცელებიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს მოსამართლე 5 თებერვალს გამოაცხადებს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში 2018 წლის 26 დეკემბერს დაჭრეს – ის სიკვდილს 2 კვირის განმავლობაში ებრძოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და ამიტომ ესროლეს. ამ სპეცოპერაციის შემდეგ 4 ადამიანი დააკავეს. მათ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან – ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირსა და დახმარებას ედავებიან. მაჩალიკაშვილისთვის კი გამოძიებას ამ დრომდე არანაირი სტატუსი მიუნიჭებია.