ამ დროისთვის ვითარება პანკისის ხეობაში შედარებით განმუხტულია, თუმცა სოფლების –ძიბახევისა და ბირკიანის მიმდებარედ კვლავ რჩება დიდი რადონებობით პოლიცია და სპეცრაზმი, საპოლიციო ტექნიკა. ადგილზე შეკრებილია ხეობის მოსახლეობაც. ისინი თელავში შეხვედრის შედეგებს ელოდებიან, რომელზეც მათი წარმომადგენლები გაუშვეს.
ადგილზე ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლებას ეწინააღმდეგებიან, უთხრა, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. მან ადგილობრივებს მოუწოდა, მოლაპარაკებების მიზნით, გამოყონ რამდენიმე ადამიანი.
მინისტრის მოადგილემ ადგილობრივები გააფრთხილა, რომ ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება.
მოლაპარაკების შეთავაზებამდე დღეს დილით პანკისის ხეობაში დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. მოსახლეობამ სპეცრაზმს ქვები დაუშინა. პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები ხეობაში ჯერ კიდევ გუშინ შეიყვანეს. დღეს დილიდან კი მდინარე ალაზანზე ჰესის მშენებლობის განახლება იგეგმებოდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.
მდინარე ალაზანზე ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
მშენებლობის განახლებამდე და პოლიციის შესვლამდე, 18 აპრილს, პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა.
პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.