პანკისში მოკლულ 38 წლის კაცს 5 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა

38 წლის მოკლულ ახალგაზრდა კაცს პანკისის ხეობა გამოემშვიდობა. მისური მუთოშვილს 5 შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.

პანკისის ხეობაში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის, მისური მუთოშვილის დეიდა, ეთერი გოდერძიშვილი, ქავთარაშვილებთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ მომხდარი ფაქტი, ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

„ჩემს დისშვილს აიძულებდნენ, ჰესის მშენებლობას დათანხმებოდა. ისინი ხელისუფლებასთან არიან შეკრულები. სამჯერ მაინც ჰქონდათ შეტაკება. საავადმყოფოში მიმდინარე მუთოშვილებს, ოთხ ადამიანს, ოცდაათი კაცი მაინც დაესხა თავს. ესენი იყვნენ ქავთარაშვილები. მაგრად სცემეს მაშინ მუთოშვილებს“, – ამბობს გოდერძიშვილი.

მისური მუთოშვილის დეიდა, მომხდარის დეტალებსაც იხსენებს:

„ჩემი დისშვილი სახლში იყო, მისი ძმა მიდიოდა ბავშვების პირადობების საკითხის მოსაგვარებლად. მანქანა გაუფუჭდა და ამას დაურეკა. მეჩეთთან ორი მანქანა წინ გადაუყენეს. ამათ გვარს ელოდებოდნენ. არ არსებობს იარაღი, რაც მათ არ ქონდათ. ერთი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, მეორე მენჯის ძვალში, არ ვიცი რა ტყვიები იყო ღვიძლი დაუზიანა“, – ამბობს გოდერძიშვილი.

გუშინ, პანკისის ხეობაში, საკობიანოსთან მოკლული მისური მუთოშვილი, სოფელ ჯოყოლოში დღეს დაკრძალეს.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მოტივით დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე დაკავებული არავინაა.