დაზარალებულის სტატუსის მინიჭების გამარტივების მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ქობულეთის მუსლიმური თემის ლიდერის, მერაბ მიქელაძის ერთობლივი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია. პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დაზარალებულის სტატუსს მოითხოვს, რადგან ოჯახმა საქმის მასალების გაცნობა შეძლონ და დაამტკიცონ, რომ 19 წლის თემირლანს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია.
სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, შვილმოკლული მამების პროტესტი ისევ გრძელდება. დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან ტელეკომპანია კავკასიის გადამღებ ჯგუფს მარტო დახვდა, რადგან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა თავს შეუძლოდ გრძნობს. ზაზა სარალიძემ გასული ღამე კლინიკაში გაატარა, თუმცა ახლა სახლში იმყოფება. მიუხედავად არაერთი იმედგაცრუებისა, შვილმოკლული მამები საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება შვილების მკვლელებს და დანაშაულის დამფარველებს არ დასჯის.














