პანორამას მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა. ისინი ორ ყრუ კედელს შორის ნახევარ მეტრიან სივრცეში ჩაცვივდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მუშები ყოველგვარი დამცავი მოწყობილობების, ბაგირისა და ჩაფხუტის გარეშე მუშობდნენ.
ვიდეომასალას სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე აქვეყნებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს – დაახლოებით, 30 წლის ახალგაზრდას, ფეხი აქვს მოტეხილი.
სამივე მუშა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო ორი კი ამტელში. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ვიდეოკადრებში, რომელიც Facebook–ზე გავრცელდა ჩანს, რომ მუშებს არ ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობა.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.