“პანორამა თბილისის” მშენებლობა შრომის ინსპექციამ შეაჩერა

“მოკვლევის პროცესში აღმოჩენილი გარკვეული ხარვეზების გამო ჩვენ შევაჩერეთ სამუშაოები”-
პანორამა თბილისის მშენებლობა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეაჩერა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა.

“მოკვლევის პროცედურების დასრულების შემდეგ გვექნება სრული ინფორმაცია.პრევენციის მიზნით,მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოების შეჩერების თაობაზე”-განაცხადა ფერაძემ.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა.

პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. პანორამაზე დაშავებული ორი მუშის მდგომარეობა სტაბილურია, ერთს კი გამოკვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.