პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩის შანსი აღარ არსებობს. მერიას იმედი აქვს, რომ ფასადს მაინც გადაარჩენენ

მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთი კოშკი მაინც გადაარჩინონ. მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ჩასაქრობად ყველა ძალას იყენებენ, გარდა სახანძრო თვითმფრინავებისა, რადგან ამ შემთხვევაში ის კონსტრუქციებიც დაინგრევა, რომელთა გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.
თუმცა შესაძლოა ნოტრ დამის გადარჩენა ვერ მოხერხდეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ ტაძარი მთლიანად დაიწვას, თუმცა პარიზის მერიას იმედი აქვს რომ ტაძრის ფასადის გადარჩენას მაინც მოახერხებენ. მეხანძრეები მუშაობას განაგრძობენ.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარმა ბოლოს სერიოზული დაზიანებები მეთვრამეტე საუკუნეში, საფრანგეთის რევოლუციის დროს მიიღო. ორი მსოფლიო ომი ტაძარმა ისე გადაიტანა, რომ არ დაზიანებულა.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობდა. ის პარიზის ცენტრში 12–ე– 14–ე საუკუნეებში აშენდა და გოთიკური სტილის ნაგებობის საუკეთესო ნიმუშია.