პარლამენტში ხვალ ოფიციალურად დარეგისტრირდება კანონპროექტი “შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრები არიან.
კანონის ავტორების თქმით, მისი მიღების მიზანია: შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.
პროექტის მიხედვით შინაური ბინადარი ცხოველი წარმოადგენს ცხოველს, რომელიც ადამიანს ჰყავს “ესთეტიკური, თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ფუნქციური დანიშნულებით, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.“
კანონპროექტის მიხედვით შინაური ბინადარი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრაციას და დროებით რეგისტრაციას. რეგისტრაციის შემდეგ კი, შინაური ბინადარი ცხოველის მაინდენტიფიცირებელ საშუალებებს წარმოადგენს სვირინგი, “საჭდი“, მიკროჩიპი ან სპეციალური საყელური, რომელზეც განთავსებულია შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი და მეპატრონის მონაცემები.
კანონპროექტში წერია, რომ ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს შინაურ ბინადარ ცხოველს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს შინაური ბინადარი ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა.
შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე კანონით ვალდებული ხდება უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ბინადარი ცხოველის შთამომავლობის მოვლა – პატრონობა ან გასხვისება.
კანონით დაუშვებელი ხდება შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება და ასევე, ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელი იქნება შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.
თუკი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავდა ან დაიღუპა შინაური ბინადარი ცხოველი, მძღოლი ვალდებული ხდება ამის თაობაზე პოლიციას შეატყობინოს.
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე, ერთი ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გარდა ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ეს მისამართი და ტერიტორია ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში აკრძალული იქნება 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა.