პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურების განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მიმდინარეობდა.
თოლორაიას მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, ვალერი ლომუაშვილმა კი საჭირო ხმები ვერ მიიღო.
სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 1-ელ ივლისს ეწურება.
„ვფიქრობ, რომ ამ პოზიციისათვის შესაფერისი კანდიდატი გახლავართ. მე მართლმსაჯულების სისტემაში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების სისტემასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციისათვის, რომლის წინაშეც სწორედ ახალი ფუნქციები დადგა დღის წესრიგში,“ – განაცხადა თოლორაიამ.