ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები არ აპირებენ, რუსთველის გამზირზე 19 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციის გადადებას. ორგანიზატორების განცხადებით დღეს პარლამენტის წინ წყდება, თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, პრორუს ძალებს, თუ დამოუკიდებელ ხალხს. ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე მივიდნენ აქციაზე.
„ჩვენ, საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც გვაერთიანებს რწმენა, რომ ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძველია; რომლებიც ვთანხმდებით, რომ რუსეთი არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მტერი და ოკუპანტი; რომლებიც მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს, მიგვაჩნია, რომ:
“დღეს, როგორც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ, რუსთაველზე, პარლამენტის წინ წყდება ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, ჩვენ, თავისუფალ ადამიანებს, თუ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, რომლებსაც დღევანდელი ხელისუფლება მფარველობს;
“დღეს წყდება, მოახერხებენ თუ არა პრორუსული ძალები და რუსეთის ხელისუფლებისგან მართული ჯგუფები შექმნან ილუზია, რომ ეს ქვეყანა მათ ეკუთვნით;
“დღეს, პარლამენტის წინ ადგილობრივი გავრილოვები ცდილობენ თავისუფალი სივრცის სიმბოლურად დაპატრონებას; მოვუწოდებთ თავისუფალ ადამიანებს:
“დღეს, 19:00 საათზე გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანად, ჩვენი აქციებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით, საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებით.
“ამავდროულად, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, მხედველობაში მიიღოს კონტრაქციის მონაწილეების ძალადობრივი მოწოდებები, შეასრულოს მისი ვალდებულება და უზრუნველყოს შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა უსაფრთხოება და ამ უფლებით სრულყოფილი სარგებლობა;
“გელოდებით რუსთაველზე, შვიდიდან,“-აცხადებს აქციის ორგანიზტორი მიშა მშვილდაძე.
განცხადება მშვილდაძემ გმირთა მოედანზე წაიკითხა. მისი თქმით, ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ მოქალაქეებს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე დილიდან კონტრაქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები არიან ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები.