ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები დღეს 15 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს. პროპორციული არჩევნების კენჭისყრაზე ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო მოძრაობა დაიწყო, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება.
აქციების მოთხოვნაა რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ცესკოს შემადგენლობის ცვლილება, რამაც სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოს.
აქციები რუსთაველზე უკვე მესამე დღეა გრძელდება. გადაკეტილია ქვეყნის მთავარი გამზირი. გაშლილია კარვები. დღევანდელი აქციისთვის კი სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. მოქალაქეები დღეს აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.
მოქმედების დროა!
არ ვთმობთ იმას, რაც ჩვენია! ქვეყანას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა. აღარ ვაპირებთ შევეგუოთ ცირკს, რომელსაც ეკრანებიდან ვუყურებთ.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ნეიტრალური ინსტიტუტები – ყველანი აღნიშნავენ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება ნორმალური არ არის და შეაფერხებს ჩვენს განვითარებას.
ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადმოკვეთა წითელი ხაზი და პროპორციული არჩევნების მისი სცენარით ჩაგდება არის ის, რის პატიებასაც არ ვაპირებთ! – ასეთია მოძრაობა “სირცხვილიას“ და სამოქალაქო აქტივისტების პოზიცია.