პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვარაუდობს, რომ მოსამართლეების არსებული სია პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მიიღებს

{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების სია პარლამენტიდან იუსტიციის საბჭომ უკან უნდა გაიწვიოს. ჩუგოშვილის თქმით, არსებული სია პარლამენტში მხარდაჭერას ვერ მოაგროვებს და “ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის საბჭომ სიის წარმოდგენა გადაწყვიტა პარლამენტისთვის, სწორი არ იყო. ამ თემაზე ჩუგოშვილმა დღეს “ტვპირველის” ეთერში ისაუბრა. 

“სია უნდა გავწიოთ გვერდზე, რომელიც დიდ ვნებათაღელვას იწვევს ქვეყანაში, საზოგადოებაში და ბუნებრივია, პარლამენტშიც. უნდა ამოვავსოთ საკანონმდებლო ხარვეზი და ამის შემდეგ დავიწყოთ გადაწყვეტილების მიღება”. 

რაც შეეხება მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ჩუგოშვილის შეფასებით, ამ განცხადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო, რომ სწორი პროცესით შევარჩიოთ მოსამართლეები.

“იმ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა, ვერ ვხედავ, რომ წარმოდგენილი სიის მხარდაჭერა ყოფილიყო გამოხატული, ან – საბჭოს მიერ შემოთავაზებული ტემპების და რიტმების მხარდაჭერა. მთავარია, რომ საპარლამენტო ვაკუუმი, რომელიც ახლა გვაქვს, სწორი ფორმით შევავსოთ. სწორად გავწეროთ, როგორ უნდა შეირჩნენ უზენაესის მოსამართლეები”.

ჩუგოშვილს მოლოდინი აქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ პროცესი წარიმართება სწორად, ჯერ კანონის მიღებით და შემდეგ ამ კანონის შედეგად კანდიდატების შერჩევით”. 

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ადასტურებს, რომ მოსამართლეების საკითხზე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, მათ შორის პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან. ჩუგოშვილი ამბობს, რომ ის მკაფიო პოზიციებს აფიქსირებს.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ მკაფიო პოზიცია აქვს, ერთი წამით არ უგრძვნია, რომ ამის გამო სერიოზული განხეთქილება გაჩნდა გუნდში. 

“იყო რამდენიმე შეხვედრა, რომელსაც ვესწრებოდი. მქონდა მკაფიო პოზიცია, რომელზეც საჯაროდ ვსაუბრობ. შიდადისკუსიებში ათმაგად შემიძლია საუბარი, საჯაროდ მაინც ვზომავ ხოლმე. ბუნებრივია, რომ შიდაშეხვედრაზე ჩემს აზრს საკმაოდ ნათლად ვიტყოდი”.

“ჩემთვის სასამართლო არის წითელი ხაზი. ბევრი ადამიანია საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლებსაც გული შესტკივათ, როგორ წარიმართება მართლმსაჯულების საკითხი. ამიტომ, არ ვარ განწყობილი პესიმისტურად და ველი, რომ პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”,ამბობს თამარ ჩუგოშვილი. 

დაპირისპირება ეკა ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს შორის სამი კვირაა, გაცხადდა. ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სია დაასახელა. საკუთარი მოვალეობის შესრულება კი გედევან ფოფხაძეს გადააბარა, რომელიც მანამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე, რომელსაც ბესელია არ ესწრებოდა, გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს. ეკა ბესელია ლონდიდან დაბრუნების შემდეგ აცხადებდა, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დავალება მან პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან მიიღო. ბესელიას თქმით, ამ თემაზე არაერთხელ შედგა საუბარი მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის და მათ შორის – ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობითაც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თვლის, რომ პოსტის დატოვებით მან მოსამართლეთა საკითხის შეჩერებას მიაღწია, ახლა კი პარლამენტიდან ამ საკითხის გაწვევას მოითხოვს.