პარლამენტისადმი ზურაბიშვილის პირველი ინიციატივა ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ეხება

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მიმართავს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გასაგრძელებლად კანონში ცვლილება შევიდეს. ამის შესახებ განცხადებას: სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს 

“როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით”.

როგორც ცნობილია, პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები პროკურატურის წინ შიმშილობენ. მათი მოთხოვნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიება და ორგანული კანონის ისე შეცვლაა, რომ შესაძლებელი გახდეს ხანდაზმულობის ვადა პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებზე არ გავრცელდეს.

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაიცვალა, რაზეც გამოძიება 2004 წლიდან მიმდინარეობს. 1994 წლის თებერვალში საქართველოს პირველი პრეზიდენტი გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 28 მარტს კი საქართველოში ჩამოასვენეს. ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებზე რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა სიკვდილის მიზეზი და გარემოებები ამ დრომდე გაურკვეველია.