პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

87 მომხრე, 33 წინააღმდეგი- პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრამდე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე პოლიტიკური დებატები გაიმართა.

საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას, რასაც უმრავლესობის წევრები არ დაეთანხმნენ.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მისამართლეების შერჩევის საკითხზე ეკა ბესელიას მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო.აღნიშნულ კანონპროექტს 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, თუმცა მათი ნაწილი უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.

კორექტირებული ვერსიის მიხედვით სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდები გაუქმდა.

ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ის ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებს.