პარლამენტში დღეს კიდევ ერთი მინისტრი მივა

პარლამენტში დღეს მთავრობის კიდევ ერთი წევრი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მივა . მაია ცქიტიშვილთან მთავარი შეკითხვები ოპოზიციას  ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ექნება.

საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ამ საკითხზე სასაუბროდ მინისტრი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის. ოპოზიცია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რუსულ ინტერესზე საუბრობს და თვლის, რომ ხელისუფლებას პროექტის ჩაშლა უნდა.

“სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივად გამოხატულიყო ინტერესი ამ პროექტის განხორციელების, მიმართულია ამ პროექტის ხელის შესაშლელად, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს,”-აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი,  ოთარ კახიძე.

ანაკლიის პორტის პროექტი განსაკუთრებული ყურადღების საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და თიბისის საქმის კონტექსტშიც გაჩნდა კითხვები. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის. თუმცა კითხვები მინისტრთან უმრავლესობის წევრებსაც ექნებათ.