პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა 20 ივნისის ამსახველი ფოტოები, მავთულხლართებზე ჩამოკიდეს

ფოტო: კონსტანტინე შუბითიძე 

პროტესტის 21-ე დღე – პარლამენტის წინ, მავთულხლართებზე 20 ივნისის სისხლიანი დარბევის ამსახველი ფოტოები გამოიფინა. ანტიოკუპაციური აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები, კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

სიმბოლურად, 20 ივნისის აქციის მონაწილეების სისხლიანი დარბევის ამსახველი ფოტოები, მავთულხლართებზე ჩამოკიდეს.

2000 ფოტოდან 500 შეირჩა. აქციის მონაწილეები ახსენებენ ხელისუფლებას, რომ სირცხვილია, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელში გავრილოვის ღამის ავტორი და შემსრულებელი ზის.

გამოფენის პარალელურად პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე კადრები გავა. გამოფენის დასრულების შემდეგ აქციის ორგანიზატორები, მავთულხლართებს საკუთარი ხელით მოშლიან. მათი მიზანია ოკუპირებული რეგიონებიდანაც გაქრეს ეს ბარიერები.

დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იქნება სიტყვით გამოსვლებიც.