პარლამენტთან მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

პარლამენტის წინ მოშიმშილე ბექა ბასილაია შეუძლოდ გახდა. მასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები იმყოფებიან.

ბექა ბასილაია მე-17 დღეა, რაც პარლამენტის წინ შიმშილობს. ის ანტისაოკუპაციო აქციას შეუერთდა და მათ მთავარ მოთხოვნას სრულად იზიარებს – გადადგეს შს მინისტრი.

დღეს პროტესტის 24-ე დღეა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.

მანამდე კი, მოქალაქეები რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, აქციის პირველ დღეს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აქცია კი შს მინისტრმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, მათ შორის, ნარინჯისფერის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გახარიას თქმით, ქვეყანაში ამბოხი იგეგმებოდა.