პარტია ,,სოციალ-დემოკრატები” საფინანსო კომპანია „საქართველოს” საქმიანობის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

პარტია „სოციალ-დემოკრატები” საფინანსო კომპანია „საქართველოს” საქმიანობის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარტიის წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, კომპანია „საქართველოს” საქმიანობის შედეგად 2 500-მდე ოჯახი დაზარალდა, მათთვის მიყენებული ზარალი კი 15 მლნ ლარზე მეტია.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა საფინანსო კომპანიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მოსახლეობას არ მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც 2012 წლის შემდეგ „საფინანსო კომპანია – საქართველოში” ანაბრები შეიტანეს.

,,მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო კომპანიასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დროული და ეფექტური რეაგირება. დაზარალებულთა უმრავლესობამ ანაბარი შეიტანა „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, 2012 წლიდან, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში „საფინანსო კომპანია – საქართველომ“ გააჩაღა აქტიური სარეკლამო კომპანია. ეროვნულმა ბანკმა არ მიიღო საჭირო ზომები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, შესაძლო რისკების თაობაზე. შედეგად, ადამიანებმა არ იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ენდობოდნენ სახელმწიფოსა და ეროვნულ ბანკს, შესაბამისად, აგრძელებდნენ ანაბრების შეტანას კომპანიაში, რომელიც რეალურად თაღლითურ პირამიდას წარმოადგენდა. შედეგად, მივიღეთ ათასობით დაზარალებული. ჩვენი ინფორმაციით, ეს მოვლენები უკიდურესად უარყოფითად აისახა უამრავი ადამიანის ჯანმრთელობაზე”,- ამბობს ჟორჟოლიანი.

პარტია ,,სოციალურ-დემოკრატებმა” დადგენილების პროექტი პარლამენტში უკვე შეიტანეს. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, დროულად შექმნან საგამოძიებო კომისია.