პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომეს – კალაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნი კახა კალაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა კონტექსტში გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.

„მე, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გეტყვით და ერთი ცხადია, რომ გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია ეს არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ჰქვია ევროპა, ნატო-სთან თანამშრომლობა. თქვენ იცით, რომ ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რაც მთავარია მეგობარი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ყოველთვის გვერდში გვედგა, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკებების შედეგად, მოლაპარაკების შედეგის პროდუქტი იქნება ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ თემაზე, რაზეც მკითხეთ, საუბარი და განხილვა არ ყოფილა“, – განაცხადა თბილისის მერმა. კალაძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. “ ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამერიკული ბაზების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტი  ფიქრობს, რომ ამერიკული ბაზების განთავსება საქართველოში სარისკოა, რადგან შესაძლოა ამ ფაქტმა რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს.