პასუხები ციხიდან – რას ამბობს და რას აპირებს დეკანოზი გიორგი მამალაძე

აპირებს თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი საპატიმროს დატოვების შემდეგ სააპტრიარქოს ღიად დაუპირისპირდეს და დღემდე უცნობი დეტალები გაასაჯაროვოს. ამ და სხვა კითხვებზე მსჯავრებულ სასულიერო პირის პასუხები ტელეკომპანია „კავკასიამ“ გლდანის ციხიდან მიიღო. გიორგი მამალაძის პასუხი – არა არას დაფარული, რომელი არა გაცხადდეს – შესაძლოა ღია მინიშნება იყოს იმაზე, რომ ის გაჩუმებას არ აპირებს.

-მამა გიორგი, ციანიდის საქმის პარალელურად საპატრიარქოში სასულიერო პირებს შორის ერთგვარი დაპირისპირება დაიწყო. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი და რა კავშირშია ე.წ. ციანიდის საქმე სინოდის წევრთა შორის შესაძლო დაპირისპირებასთან?

– ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია სინოდში და ზოგადად სასულიერო დასში. რათქმაუნდა ისინი შიგნით გამოხატავენ გულისწყრომას.

– მამა გიორგი, სინოდის წევრებისგან მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირია ისეთი ვინც მხარი ღიად დაგიჭირათ. ისინი მოგიხსნიებენ როგორც მსხვერპლს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის რეალურად იმის მიზეზი რომ დღეს მსჯავრდებულის სტატუსი გაქვთ.

-ყოველივე ამის მიზეზი ეკლესიის მტრების მზაკვრული გეგმა არის. შესაძლოა ღიად მხარი რამდენიმე მღვდელმთავარმა დამიჭირა, მაგრამ დარწმუებული ვარ ყველა გრძნობს რომ არ მიმიძღვის ბრალი იმაში, რის გამოც საპყრობილეში ჩამაგდეს.

– იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი თქვენი შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს და ციხეს დატოვებთ, აპირებთ თუ არა ისეთი დეტალების გასაჯაროებას, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმის და საპატრიარქოს ირგვლივ დღემდე უცნობია.

– არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს, ასე ბრძანა უფალმა.

მამა გიორგი მადლობას უხდის იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მას ციხეში ნახულობენ.

“უსამართლობის მუდმივი განცდა ადამიანს ფიზიკურად სპობს. მითუმეტეს თუკი ეს დიდხანს გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ სასულიერო პირთაგან ვგრძნობ უყურადღებობას. პირიქით, ბევრი სასულიერო პირი წავიდა საპატრიარქოს ნების წინააღმდეგ და მნახულობენ. მადლობა მათ ამისთვის.”-განაცხადა დეკანოზმა მამალაძემ.