პატიმრებთან ჩემი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დანაშაული და სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევაა- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა, რადგან მან სახალხო დამცველის პატიმრებთან ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის შეხვედრები არის კონფიდენციალური და ამის გასაჯაროება ომბუდსმენის საქმიანობაში ჩარევაა, რის გამოც გამოძიებაა დასაწყები.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა მთლიანად კონფიდენციალურობაზე დგას.  

“დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაარღვია კანონი, მიმაჩნია, რომ ეს არის სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, მე ამას ასე არ დავტოვებ, აუცილებლად მექნება რეაგირება და კონკრეტულ ნაბიჯებზე ხვალ გავაკეთებ განცხადებას. აუცილებლად არის გამოძიება დასაწყები, სახალხო დამცველის საქმიანობის მთელი პრინციპი დგას კონფიდენციალურობაზე და მის დაცვაზე ბენეფიციარებთან ურთიერთობის დროს და ეს კონფიდენციალურობა დაარღვია ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენელმა და უწყებამ და ჩაიდინა დანაშაული,” აცხადებს ნინო ლომჯარია.

23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ე.წ მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს და კახაბერ ნაკანს შეხვდნენ.