პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს

ამ წუთებში პარლამენტში მოხსენებით გამოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

2018 წლის ანგარიშს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გაწეულ საქმიანობას აჯამებს.

თამარ ქალდანის თქმით, მთავარ პრობლემად რჩება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საჯარო სივრცეში მოხვედრა.

ოპოზიციის წარმომადგენლები თამარ ქალდანისთვის მწვავე შეკითხვების დასასმელად ემზადებიან, მათ აინტერესებთ რამდენად იცავს ქალდანის უწყება საჯარო პირების უფლებებს, როდესაც მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უხეშად ირღვევა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რანგში ეს თამარ ქალდანის ბოლო წარდგენაა პარლამენტში. ის მეორე ვადით არის არჩეული და უახლოეს დღეებში უფლებამოსილების ვადა ეწურება.