სოციალურ ქსელში ვრცელდება პეტიცია მართლმსაჯულების გადასარჩენად , რომლის ადრესატი საქართველოს პარლამენტი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. პეტიციის ხელმომწერები არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო პირები არიან. ისინი ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრი მოსამართლეების მიერ თანამდებობების დატოვებას, ხელისუფლების მიერ ამ კლანის მხარდაჭერის შეწყვეტას და სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმას ითხოვენ:
პეტიციის ტექსტი:
საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოხატეს მყარი პოლიტიკური ნება, უარი ეთქვათ სასამართლოს კონტროლზე, რაც მძიმედ აისახა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებზე, ქვეყნის რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებაზე.
დღეს:
●დისკრედიტირებულ და რეპუტაციაშელახულ მოსამართლეთა დიდი ნაწილი უვადოდ არის დანიშნული და კლანური პრინციპებით მართავს სასამართლო სისტემას;
●სასამართლოში გაბატონებული და პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა კლანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, ეწინააღმდეგება რეალურ და სიღრმისეულ რეფორმებს;
●სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა დღითიდღე იკლებს;
●სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან მყოფი კლანი ალიანსში შევიდა მმართველ პარტიასთან და საკუთარ ინტერესებს მოარგო ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა;
●სასამართლოში გაჩნდა ნეპოტიზმის და კორუფციის ნიშნები;
●სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ იდევნება განსხვავებული აზრი;
●კლანის წევრი მოსამართლეები აკეთებენ პოლიტიკურ და სამოსამართლო ეთიკისათვის შეუთავსებელ განცხადებებს და მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში.
შექმნილი კრიზისული ვითარება ანგრევს ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი და არყევს საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტს. სწორედ ამიტომ, დღეს, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეის გადარჩენა სახელმწიფოებრივი საკითხი გახდა. შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა მხოლოდ მკვეთრი გადაწყვეტილებების და პრინციპული რეფორმების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელთა მიზანი ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, საზოგადოების ინტერესებსა და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება.
პეტიციაზე ხელმომწერი პირები და ორგანიზაციები, მოვითხოვთ:
●დატოვონ თანამდებობები უსამართლობის სიმბოლოდ ქცეულმა მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილებების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა;
●ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა;
●შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან;
●საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიზანიც სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლება იქნება.
პეტიციის ავტორები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კავშირი ,,საფარი”
საქართველოს პენ-ცენტრი
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
ცენტრი “ემპათია”
გია ხუხაშვილი
მაია მწარიაშვილი
კახა წიქარიშვილი
ანა ნაცვლიშვილი
ირაკლი კორძახია
ლაშა ტუღუში
კახა კოჟორიძე
ზაზა ხატიაშვილი
გიორგი ხვედელიანი