პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული 4 პირი 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულები  5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ოთხივე დაკავებული პირი  სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძესა და ანტონ ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შუცვალა.

სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, სულ 18 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდეს, დღეს კი დანარჩენი 4 პირიც გაათავისუფლეს.

ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვთ წარდგენილი.