გასულ ღამეს ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში გავრცელებაზე დაკავებული პირი სრულწლოვანი აღმოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას კურიერი ავრცელებს.
დაკავებული პირი მირიან მჟავანაძეა. ის ბათუმში აიყვანეს. უცნობია, რა მოტივით გაავრცელა მან ფარული კადრები. დაკავებულის მამა ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოხვდა მის შვილთან დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა და არც იმის შესახებ აქვს ინფორმაცია, როგორ, ან რა მიზნით გავრცელდა მისი შვილის IP მისამართიდან ფარული ვიდეოკადრები.
დაკავებულის მამა ამბობს, რომ მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, დაკავებული სრულწლოვანია.
„ჩხრეკა მიმდინარეობდა ჩემს სახლში, მაგრამ ბავშვი იყო ბათუმის ახლომდებარე სოფელში და იქიდან აიყვანეს. ჩვენთან მოვიდნენ, მაგრამ იქ გადავამისამართეთ. რატომ გაავრცელა არ ვიცი, ან საიდან შევიდა მასთან, არ ვიცი. 19 წლისაა ჩემი შვილი, “-ამბობს დაკავებული მჟავანაძის მამა.
როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ორი კვირის წინ მირიან მჟავანაძის სახელით აიტვირთა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ პოლიციას მიმართა. დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული მოზარდი იყო.