“პირადი შტაბი რას ნიშნავს? სააკაშვილი ცდილობს, “ნაცმოძრაობას” დაუმტკიცოს, რომ რეიტინგი მას აქვს და არა პარტიას” – ძაბირაძე

შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, პირადი შტაბის მეშვეობით დაუმტკიცოს მთელ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ რეიტინგი მას აქვს და არა პარტიას, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც 1-ელი მარტიდან “საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე პირად შტაბს ხსნის.

„ეს ანალიზს არ ექვემდებარება, სააკაშვილიც არ ექვემდებარება ანალიზს და მითუმეტეს, მისი განცხადებები. პირადი შტაბი რას ნიშნავს? ანუ სააკაშვილი ცდილობს, რომ ცალკე აწარმოოს საარჩევნო კამპანია? ემიჯნება “ნაციონალურ მოძრაობას” თუ რა ხდება? გაურკვეველია. სააკაშვილს ბევრი განცხადება აქვს გაკეთებული – ხან ზღვით ჩამოდიოდა, ხან – ჰაერით და ხან – გვირაბით, ძალიან რთული თემაა… ახალი სახეები, რომელზეც სააკაშვილი ლაპარაკობს, საიდან მოჰყავს ან ვინ არიან? არ ვიცი, “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდა დინებები რა არის, მაგრამ საქართველოში, მათ შორის ოპოზიციაში, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი არის დესტრუქციული ფიგურა დღეს “ნაციონალური მოძრაობისთვის”. ერთი მხრივ, მისი გავლენაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ამხელა მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მეორე მხრივ, პრობლემა ჩნდება ის, რომ ეს მხარდაჭერა მზარდი არ არის და ვერ გააერთიანებს ოპოზიციურ ელექტორატს, პარტიებს კი არა, ელექტორატს. შესაძლოა, სააკაშვილი ცდილობს, პირადი შტაბის მეშვეობით დაუმტკიცოს მთელ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ რეიტინგი მას აქვს და არა “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს შეიძლება ივარადო, რომ მხოლოდ ამისთვის აკეთებს და შესაძლოა, სააკაშვილმა ცალკე გააკეთოს ჯგუფი და ცალკე იყაროს კენჭი, ეს არ არის გამორიცხული“, – განაცხადა ძაბირაძემ.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ახალ გუნდს შექმნის და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, ვინაიდან, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არ ექნება.

„თუ სააკაშვილი შექმნის გუნდს და არჩევნებისთვის მოახერხებს პარტიის გაკეთებას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ამ ახალი სახეებით, ის საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და მას ყოველ შემთხვევაში 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა ნამდვილად არ ექნება. ფორმალურად სააკაშვილი ჩამოშორდება “ნაციონალურ მოძრაობას”, შექმნის თავის ახალ შტაბს, ექნება პოლიტიკური ორგანიზაცია და იმუშავებს პირადი რეიტინგით. საპრეზიდენტო არჩევნები რომ იყოს, კიდე ჰო. პირადი შტაბი რაში უნდა სჭირდებოდეს? არაფერში, მაგრამ იქ ექნება გუნდი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენი ლიდერი არის სააკაშვილი და სააკაშვილი იტყვის, რომ ეს არის ჩემი გუნდი“, – აღნიშნა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი მარტიდან “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე პირად შტაბს ხსნის.