„არ გამართლდა ბრალდების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ორივე მსჯავრდებულს ჰყავდა ერთდროულად ჯგუფურად მოკლული დავით სარალიძე,“ – ეს განცხადება, ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, თუმცა მას გაეზარდა სასჯელის ზომა და ის 11 წლით და 3 თვით განესაზღვრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საქმე არ არის სწორად გამოძიებული და საგამოძიებო ორგანომ პასუხისგებაში რეალური დამნაშავეების მისაცემად არაფერი გააკეთა.
„ჩვენ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰყავდა მოკლული დავით სარალიძე, თუმცა, მას ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად, ანუ მიიჩნია, რომ სხვა პირები მონაწილეობდნენ დავით სარალიძის მკვლელობაში. ეს არის ცალსახა და პირდაპირი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ვაპელირებდით, რომ რეალურად დამნაშავე პირები ანუ პირები, ვინც მოკლეს დავით სარალიძე არიან თავისუფლებაში და არ არიან მიცემული პასუხისგებაში,“ – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს რეალური დამნაშავეები დასაჯოს. ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ მთავარი მოწმე არის არასანდო.
„საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, პასუხისგებაში მისცეს დანაშაულის ჩამდენი პირები იმისთვის, რათა ამ საქმეზე სამართალმა იზეიმოს,“ – განაცხადა კაკაბაძემ.